რონალდუმ პლატინის რეკორდი მოხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

0
36

მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ევრო-2020 გამარჯვებით დაიწყო.

პორტუგალიელებმა ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონზე 67000 მაყურებლის თვალწინ უნგრეთის ნაკრები 3:0 დაამარცხეს.

პორტუგალიელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

84-ე წუთზე, ანგარიში რაფაელ გერეირომ გახსნა. 87-ე წუთზე რაფა სილვას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე  უნგრელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რონალდუმ გულაშის გვერდი აუარა და დუბლი შეასრულა.

რონალდუმ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ფრანგ მიშელ პლატინის გაასწრო.

დღემდე, ორივეს ანგარიშზე 9-9 გოლი იყო, ხოლო უნგრეთთან შეხვედრის მერე პორტუგალიელმა თავი 11 გოლს მოუყარა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მას ამ შედეგის მისაღწევად ევროპის 5 ჩემპიონატი დასჭირდა, ხოლო ფრანგმა 9 ბურთი თავის სამშობლოში 1984 წელს გამართულ ევროპირველობაზე შეაგდო.

რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები 5 სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატებზე გაიტანა.

რონალდუ 36 წლისა და 130 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა. მან უკრაინელი ანდრეი შევჩენკოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ევრო-2012-ზე შვედების კარი ორჯერ 35 წლისა და 256 დღის ასაკში აიღო.

სხვათა შორის, ევრო-2016-ზე პორტუგალია და უნგრეთი ერთ ჯგუფში იყვნენ – მაშინ მატჩი 3:3 დასრულდა, ხოლო რონალდუმ დღევანდელი თამაშის მსგავსად დუბლი მიითვალა.

რონალდუს ანგარიშზე სანაკრებო მატჩებში უკვე 106 გოლი და მას ირანელ ალი დაეს რეკორდამდე 3 ბურთი აშორებს.