რუსეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ვოლგოგრადის „როტორმა“ ორი ქართველი ფეხბურთელი – მცველი ილია ბერიაშვილი და თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე დაიმატა.
22 წლის ცენტრალური მცველი ბერიაშვილი, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია, 2017 წლიდან „თელავში“ გამოდიოდა. მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
21 წლის ქავთარაძემ გასული სეზონი რუსეთის ასევე რანგით მეორე ლიგის „ნიჟნი ნოვგოროდში“ გაატარა, სადაც 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
მათ გარდა „როტორს“ კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე დაემატა, რომელმაც გასულ სეზონში „როსტოვის“ შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
„როტორში“ დარჩა წარმოშობით ქართველი და რუსული პასპორტის მქონე თავდამსხმელი ნიკოლაი ყიფიანი, რომელმაც 2020-2021 წლების სეზონში ვოლგოგრადელთა მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





