თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო.
მე-16 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სტუმრად სოსო ფრუიძის გაწვრთნილი წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს, რომელსაც მანამდე მიჯრით 4 თამაში არ წაეგო (3 გამარჯვება და 1 ფრე).
მე-7 წუთზე, დავით უბილავამ შორის მანძილიდან დაარტყა და ბურთს მიმართულება მეტოქის საჯარიმოში მყოფმა იმრანმა შეუცვალა, მაქსიმე ქვილითაიამ რეაგირება კი მოხდინა, მაგრამ კარის ახლოს მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა – 0:1.
გაშვებული გოლიდან 10 წუთში სერგო კუხიანიძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ცრუ მოძრაობა გააკეთა, რის შემდეგ, გურამ კაშიას, რომელიც „სამგურალის“ ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა ბურთი ხელზე შეეხო.
მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ მიიჩნია, რომ კაშიამ თამაშის წესი დაარღვია მის მიერ დანიშნული პენალტი კუხიანიძემ გამოიყენა. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-6 გოლი გაიტანა.
26-ე წუთზე, ქვილითაიამ ცუდად შეიტანა თამაშში ბურთი რომელიც მამია გავაშელიშვილს მიუვიდა და „ლოკომოტივის“ ფიორვარდმა მასპინძლების საჯარიმოში სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც იმრანს უპასა, ხოლო ნიდერლანდელი ლეგიონერის დარტყმა წყალტუბოელთა მეკარემ მოიგერია, მაგრამ გავაშელიშვილმა ზუსტად დაამატა – 1:2.
86-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან იმრანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, წყალტუბოელთა მცველმა კარგად ვერ მოიგერია ბურთი, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა თემურ შონიას მიუვიდა და თბილისელთა ნახევარმცველმა უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
