საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს ტვენტეს სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ირაკლი აზაროვმა.
ოფიციალური ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი: “კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.
ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.
დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.
ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა”.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)





