კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური სამტრედიაში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:3 წააგო.
დაპირისპირებამ გულშემატკივრების გარეშე ჩაიარა, რადგან „სამტრედია“ დასჯილია და „ეროსი მანჯგალაძეზე“ მაყურებლები სამი თამაშის განმავლობაში არ დაიშვებიან.
მატჩის მე-8 წუთზე, გრიგოლ დოლიძემ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ჯერ მასპინძელთა მცველ ანდრო გიორგაძეს შეეხო, ხოლო შემდეგ კარში აღმოჩნდა.
22-ე წუთზე, გიორგი ილურიძემ დაახლოებით იმავე მანძილიდან „ჯარიმა“ დაარტყა და ბურთი „სამგურალის“ „ცოცხალ“ კედელში გაძვრა, რის შემდეგ, კარში აღმოჩნდა.
36-ე წუთზე, დემურ ჩიხლაძემ მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და პასი გრიგოლ დოლიძეს მისცა, რომელმაც სამტრედიელთა საჯარიმოში შესვლის შემდეგ ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
76-ე წუთზე, გურამ ლუკავას გადაცემის მერე ირაკლი რუხაძემ ბურთი ოსტატურად დაამუშავა და სტუმართა საჯარიმოში შესულმა აუღებლად დაარტყა – 2:2.
87-ე წუთზე, წყალტუბოელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფლანგიდან ალექსანდრე ვერულიძემ ზუსტი პასით „სამტრედიას“ კარის წინ გიორგი ბიხაიძე მოძებნა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ხოლო მანამდე კიდევ ერთი ფრედ დაასრულა.
თავის მხრივ, გია ცეცაძის გაწვრთნილმა „სამტრედიამ“ ბოლო სამი შეხვედრიდან ქულა ვერცერთში აიღო.
