ქუთაისის „ტორპედომ“ შოთა ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია.
მე-15 ტურში ქუთაისელები ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ ეწვივნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 59-ე წუთზე, პალესტინელი ფადი ზიდანის გადაცემის შემდეგ, ალჟირელმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დარტყა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი რეხვიაშვილი თავის ნახევარზე მეკარისთვის ბურთის უკან დაბრუნების დროს შეცდა, რითაც ზიდანმა ისარგებლა, კარიდან გამოსულ ლუკა შეროზიას გვერდი აუარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ „შუქურას“ ჩემპიონატში მიჯრით 6 თამაშია არ მოუგია – 4 მარცხი და 2 ფრე. აღსანიშნავია, რომ ქობულეთელებმა ბოლო სამი მატჩი ისე წააგეს გოლი არ გაუტანიათ.
