„ატლეტიკოს“ მე-11 საჩემპიონო ტიტული

0
53

ესპანეთის ლა ლიგის დასკვნით 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.

“ატლეტიკო” “ვალიადოლიდთან” მატჩს მე-18 წუთზე ოსკარ პლანოს მიერ გატანილი გოლით 0:1 აგებდა, მაგრამ 57-ე წუთზე ანხელ კორეამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 67-ეზე გამარჯვების გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

სხვათა შორის, ამ სეზონში მეთერთმეტედ მოხდა, როდესაც ლუის სუარესმა თავის გუნდს მოაგებინა.

არგენტინელმა დიეგო სიმეონემ, რომელიც გუნდს 2011 წლის წვრთნის, „როხი ბლანკოს“ ესპანეთის ჩემპიონის ოქროს მედლები მეორედ მოაგებინა.

მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონის ტიტულს „ატლეტიკო“ პირველად 2013-2014 წლების სეზონში დაეუფლა. ფეხბურთელობისას სიმეონემ მადრიდელებთან ერთად ლა ლიგია 1995-1996 წლების სეზონში მოიგო.

სიმეონე “ატლეტიკოს” ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელმაც გუნდს ჩემპიონატში მინუმ ორჯერ გაამარჯვებინა.

მანამდე, ეს რიკარდო სამორამ (1940, 1941) და ელენიო ერერამ (1950, 1951) მოახერხეს.

„ატლეტიკო“ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საჩემპიონო ტიტულებით მესამეა. პირველ ადგილზეა „რეალია“ (34), ხოლო მეორეზე – „ბარსელონა“ (26).

ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში მეორე ადგილზე მადრიდის “რეალი” გავიდა, მესამეზე – “ბარსელონა”, მეოთხეზე კი – “სევილია”. აღსანიშნავია, რომ 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ “ბარსა” მე-3 პოზიციაზე პირველად გავიდა, ხოლო “რეალი” 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად უტიტულოდ დარჩა.

ბოლო 7 სეზონის განმავლობაში პირველად მოხდა, როდესაც ლა ლიგა “რეალს” ან “ბარსელონას” არ მოუგიათ.

“რეალ სოსიედადი” და “ბეტისი” ევროპა ლიგაში ითამაშებენ, ხოლო “ვილიარეალი” – კონფერენს ლიგაში.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგიდან “უესკა”, “ვალიადოლიდი” და “ეიბარი” გავარდნენ.