მეისონ მაუნტი ლონდონის „ჩელსის“ 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გულშემატკივრებს შორის „ჩელსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა.
„მაუნტი აშკარა გამარჯვებულია, რადგან ხმათა უდიდესი რაოდენობა მიიღო“ – იუწყება „ჩელსის“ პრესსამსახური.
მაუნტი „ჩელსის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2019-2020 წლების სეზონიდა გამოდის. მან ყველა ტურნირზე 103 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მაუნტმა კონკრეტულად მიმდინარე სეზონში „ჩელსიში“ 50-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
სხვათა შორის, მაუნტი ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართული ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მაშინ, გორში ჩატარებულ ფინალში ინგლისელებმა პორტუგალია 2:1 დაამარცხეს და მაუნტმა შეუცვლელად ითამაშა.
