„ბეშიქთაშმა“ თურქეთის სუპერლიგა ბოლო ტურში მოიგო, როდესაც „გიოზთეფე“ 2:1 დაამარცხა.
დასკვნით ტურამდე „ბეშიქთაში“ 39 ტურის შემდეგ 81 ქულით ლიდერობდა. ამდენივე ქულა ჰქონდა „გალათასარაის“, რომელიც ლიდერს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებოდა. მესამე პოზიციაზე 79 ქულით „ფენერბაჰჩე“ იმყოფებდა.
საბოლოო ჯამში, „ბეშიქთაშმა“ „გალათასარაის“, რომელმაც „მალათიას“ 3:1 სძლია გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით აჯობა – +45 „ბეშიქთაშს“, +44 „გალათასარაის“.
„ბეშიქთაშმა“ თურქეთის ჩემპიონატი არსებობის მანძილზე 21-ედ მოიგო, ხოლო 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ – პირველად. მხოლოდ „ფენერბაჰჩეს“ (28 ჩემპიონობა) და „გალათასარაის“ (23) აქვთ უკეთესი შედეგი.
უშუალოდ თურქეთის სუპერლიგას რაც შეეხება, რომელიც 1957 წელს დაარსდა, „ბეშიქთაშმა“ ოქროს მედლები 16-ჯერ მოიპოვა, „გალათასარაიმ“ – 22-ჯერ, ხოლო „ფენერბაჰჩემ“ – 19-ჯერ.
„ქონიასფორმა“, სადაც ლევან შენგელია გამოდის, 50 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა, ხოლო საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუ“, რომელმაც 38 ქულა დააგროვა. სუპერლიგიდან გავარდა.
ვატო არველაძის „ქარაგიუმრუქმა“ 60 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავა.
25 წლის შენგელიამ 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ლობჟანიძემ კი, 37 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
23 წლის არველაძემ 16-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.





