მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად „კადისი“ 3:0 დაამარცხა.
მატჩის 30-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა. 33-ე წუთზე ბენზემას გადაცემის შემდეგ გოლი ოდრიოსოლამ გაიტანა, ხოლო მე-40 წუთზე იმავე ბენზემამ დუბლი შეასრულა.
„რეალს“ იანვრიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე 16 მატჩია არ წაუგია – 12 გამარჯვება და 4 ფრე.
აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ ლა ლიგაში პენალტი 2020 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ პირველად დაარტყა. მაშინ, სერხიო რამოსმა „კამპ ნოუზე“ თერთმეტმეტრიანიდან გოლი „ბარსელონასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.
მადრიდელებს მანამდე პენალტი ზედიზედ 25 შეხვედრაში არ დაურტყამთ. ეს „რეალისთვის“ ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 1974 წლის შემდეგ.
ბენზემამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 21 გოლი მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ „ბარსას“ კაპიტან ლიონელ მესის (23 გოლი) ჩამორჩება.
ბენზემა „რეალში“ 2009-2010 წლიდან გამოდის და გუნდის მიერ გატანილ 392 მატჩში მონაწილეობდა: 276 გოლი და 116 საგოლე გადაცემა.
33 წლის ფრანგი ფეხბურთელი საგოლე პასების რაოდენობით „რეალის“ ექსფორვარდებს რაულსა და კრიშტანუ რონალდუს გაუთანაბრდა.
ბოლო 25 წლის მანძილზე მათ მიერ გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობა კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.




