წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო.
უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „ლოკომოტივი“ 3:2 დაამარცხეს.
მატჩის მე-9 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში სერგო კუხიანიძემ გახსნა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის მიერ გაკეთებული პასით ისარგებლა. 6 წუთში შალვა ბურჯანაძემ ასევე თავით სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2.
მე-20 წუთზე „ლოკომოტივმა“ სტანდარტულის შესრულების დროს მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდა და გურამ კაშიმ თავით ზუსტად დაარტყა. მან ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა.
27-ე წუთზე, გიორგი მამარდაშაშვილი ბურთის მოგერიების დროს ჯერ საკუთარ საჯარიმოში შეცვდა, შემდეგ საჯარიმოს გარეთ და პაპუნა ფონიავამ მასპინძლების მეკარე დასაჯა – 1:3.
პირველი ტაიმის მიწურულს, კირკიტაძის დარტყმის შემდეგ მაქსიმე ქვილითაიამ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც იმავე კირკიტაძემ კარში ადგილი ქუსლით მიუჩინა – 2:3.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და “სამგურალმა” 19-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
