პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 25 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სა და „ბარსელონას“ შორის 1:1 დასრულდა, ხოლო ფრანგმა თავდამსხმელმა ანგარიში 31-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა.
ამრიგად, მან ჩემპიონთა ლიგაში 25 გოლი 22 წლისა და 80 დღის ასაკში გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია.
მანამდე, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი იყო – არგენტინელმა ეს 22 წლისა და 286 დღის ასაკში მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 42 მატჩში ასევე 15 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ 1/8-ფინალის პირველი თამაში შინ პსჟ-სთან 1:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.





