სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

0
23

„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. თანამდებობაზე 42 ხმით იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. მას მხარი ყრილობაზე მისულმა ყველა დელეგატმა დაუჭირა. ტყემალაძეს პრეზიდენტობისთვის 38 ხმა სჭირდებოდა, თუმცა საჭიროზე ოთხით მეტი ხმა მიიღო.
“ქვორუმი შედგა. დაფიქსირდა 25 დელეგატი და 42 ხმა. საქართველოს რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს,” – ამის შესახებ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა განაცხადა.
ტყემალაძემ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა და მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა: “ვულოცავ ქართულ რაგბის! შიგნით სიმშვიდე იყო, გარეთ მომხდარის გამო ვწუხვარ. სულ მალე გამგეობის ახალ გუნდს დავაკომპლექტებთ და მსურს, რომ იქ მოწინააღმდეგე გუნდიდან იყვნენ წარმომადგენლები, რათა მოედანს მალე დავუბრუნდეთ. იმ ხალხთან კი ვერ ვიმუშავებ, ვინც სიცრუეს მაბრალებდა. მზად ვარ, ქართული რაგბის განვითარებისთვის ვიმუშაო. თუ აბუსერიძის საჩივარს სასამართლო დააკმაყოფილებს, კანონს დავემორჩილები. მოწინააღმდეგეებმა საჯარო რეესტრი და კანონი უნდა გაითვალისწინონ, ეს იქნება სამართლიანი,” – განაცხადა ტყემალაძემ.
არჩევნებს წინ უძღოდა პროტესტი და ფიზიკური დაპირისპირება შენობის შესასვლელთან. ერთმანეთს აბუსერიძისა და ტყემალაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შეიყვანეს.
აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რაგბის კავშირის კანონიერი პრეზიდენტი 2020 წლის 30 დეკემბერს არჩეული ირაკლი აბუსერიძეა. თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახური არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ცნობს, ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.