სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის “დინამო” და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი “გაგრა” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე “გაგრამ” გახსნა, გაგა კირკიტაძის გუნდმა სტანდარტული სიტუაციით ისარგებლა და დინამოელთა კარში თავური დარტყმით გიორგი ქობულაძემ გაიტანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი აქტიურად “დინამომ” დაიწყო და 47-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დავით კობოურის გადაცემით ზორან მარუსიჩმა ისარგებლა და ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. გოლის შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარს კიდევ უფრო აქტიურად შეუტია. “დინამოს” მცდელობებმა შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო, გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი კარგად დაამუშავა და საშუალო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში ორი გაშვებული გოლის მიუხედავად “გაგრამ” ბოლომდე იბრძოლა და გაგა კირკიტაძის გუნდმა 72-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა გია ჩადუნელმა მოიგო, თანაგუნდელის გადაცემით კი, ლუკა ნოზაძემ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ გამარჯვებული გამოსავლენად გუნდებმა 11-მეტრიანი დარტყმების სერია შეასრულეს. პენალტები უკეთ დინამოელებმა შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით – 5:4 დაამარცხეს და საქართველოსს სუპერთასს ისტორიაში მერვედ დაეუფლნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის “დინამოს” კუთვნილი თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. 2021 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ესწრებოდა.
