მანჩესტერ სიტიმ კატალონელ სპეციალისტ ხოსეპ გვარდიოლას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბის ვებგვერდის ცნობით, პეპმა ხელშეკრულება ორი სეზონით განაახლა.
ამგვარად, გვარდიოლა “ქალაქელებს” 2023 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. პეპმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:
“ასეთი მხარდაჭერა საუკეთესო რამაა, რაც კი მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს. მსურს საქმე კარგად შევასრულო. ჩვენი მთავარი გამოწვევა გუნდის თამაშის გაუმჯობესებაა”, – თქვა ესპანელმა.
პეპმა მანჩესტერ სიტი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მას შემდეგ ინგლისურ კლუბს 245 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 181 მოიგო (28 ფრე, 36 წაგება). ამ პერიოდში გვარდიოლას თავკაცობით სიტიმ რვა ტიტული მოიგო.
