
კახა ცხადაძის გაწვრთნილი „ორდაბასის“ 7-მატჩიანი (5 მოგება და 2 ფრე) წაუგებელი სერია, შინ კოსტანაის „ტობოლთან“ მატჩში შეწყდა, სადაც ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი გამოდიან.
განვლილ მატჩში სტუმართა ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ეროვნული ნაკრების კაპიტანი კანკავა მოხვდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე გააფრთხილეს.
კვეკვესკირი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. არადა, წინ ტურში გუნდს „ქაირათთან“ (0:4) უკაპიტნა.
„ტობოლმა“ ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე მასპინძლებმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანეს. 64-ე წუთზე კოსტანაელთა უპირატესობა სამბურთიანი გახდა.
„ორდაბასის“ 27 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო „ტობოლი“ 26 ქულით მეოთხეა, მაგრამ ცხადაძის გუნდზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
