“ტენერიფე იბეროსტარის” კიდევ ერთი გამარჯვება და გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული. ტენერიფელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში “ხუვენტუდს” უმასპინძლეს და ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში 86:82 გაიმარჯვეს.
ეს გახლდათ ტენერიფეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება და შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ ასევე დაუმარცხებელ “ბარსელონასა” და “რეალს”, რომლებიც “იბეროსტარს” ჯერჯერობით არ ჩამოუვარდებიან.
თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი თამაშის წყალობით გადამწყვეტ წუთებში ტენერიფელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შერმადინმა გამარჯვებულთაგან საბოლოოდ ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და რაღა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 28:05 წუთი გაატარა. გიორგის არ ჰქონია ცენტრისთვის დამახასიათებელი ბევრი მოხსნები, თუმცა 16 ქულა ბურთის აუცილებლად მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტით ყველას აჯობა. შერმადინმა სამიდან სამივე ორქულიანი და ათიდან 10 საჯარიმო ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე მოპოვებული ორი მოხსნა და ერთი პასი მოაყოლა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 25 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო არ ყოფილა (ხუვენტუდელ ანტე ტომიჩს 35 დაუგროვდა), თუმცა გამარჯვებულთაგან ეს შედეგი ვერავინ გადაფარა და MVP-ის მორიგი ტიტულიც ქართველმა დაისაკუთრა.
შემდეგი ტურის მატჩს ტენერიფელები მალაგაში, შერმადინის ყოფილ გუნდ “უნიკახასთან”, 25 ოქტომბერს გამართავენ.