კავკასიური რაგბის ქართველი ფუძემდებელი

0
65
რაგბის გამოჩენილ ქართველ მოღვაწე  ალექსანდრე (საშა) ლობჟანიძეს კავკასიური სპორტის ისტორიაში სწორუპოვარი ადგილი უპყრია. კავკასიაში რაგბის უდიდესი ორგანიზატორი და პროპაგანდისტი, ძლიერი მოთამაშე, წარმატებული მწვრთნელი… ასე ახასიათებდა საშა ლობჟანიძეს საბჭოურ-რუსული რაგბის ყოფილი მაღალჩინოსანი მოხელე იური დაინეკო.

საშა ლობჟანიძე ნალჩიკში, ქართული დიასპორის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში დაიბადა. სიყრმის პერიოდის ყაბარდო-ბალკარეთში გატარების მიუხედავად, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ ჭაბუკს გული ისტორიული სამშობლოსკენ მიუწევდა და უმაღლესი განათლებაც საქართველოს დედაქალაქში მიიღო. წარჩინებით დაამთავრა მწვრთნელ-პედაგოგის სპეციალობით, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. სწორედ თბილისში ყოფნის პერიოდში მოიხიბლა ლობჟანიძე ოვალით და სტუდენტობის ჟამს თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშიც კი იასპარეზა.

ნალჩიკში დაბრუნებულმა საშა ლობჟანიძემ მოღვაწეობა ყაბარდო-ბალკარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე განაგრძო. მრავალმხრივ ნიჭიერმა ახალგაზრდა ქართველმა უნივერსიტეტში მეგობრების, სტუდენტებისა და თანამოაზრეთა მობილიზებით იმიერკავკასიაში რაგბის პირველი გუნდი ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაში საშა მწვრთნელის, მოთამაშისა და მენეჯერის ფუნქციებს წარმატებით ითავსებდა. გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, სტუდენტური გუნდი თავის რიგებში სპორტსაზოგადოება „სპარტაკმა“ გააწევრიანა და ლობჟანიძემაც, თანაგუნდელებთა ერთად, ასპარეზობა ნალჩიკის „სპარტაკის“ სახელით განაგრძო.

„სპარტაკმა“, არამარტო რეგიონში, სრულიად საბჭოეთში ნამდვილი ფურორი მოახდინა. 2-გზის რუსეთის ფედერაციის ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ნალჩიკის ყველაზე დიდი წარმატება 70-იანი წლების შუა პერიოდს უკავშირდება. საშა ლობჟანიძის ძალისხმევით „სპარტაკი“ სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში აღზევდა, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. მაშინ საბჭოური რაგბის ელიტაში ნალჩიკის გარდა სულ 3 ქალაქის ( მოსკოვი, თბილისი, კიევი) ბინადარი გუნდები გამოდიოდნენ. დეიდაშვილ, გოგი ლობჟანიძის კვალ, საშამ გუნდში კიდევ 2 თანამემამულე, ქართული რაგბის ლეგენდები: ზურაბ ხარშილაძე და დუგლას კავთელიშვილი იახლა. საშა ლობჟანიძე ნალჩიკის უნივერსიტეტში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, „ზახარიჩსაც“ და „პეტროვიჩსაც“, რაგბისთვის იმხანად სოლიდური ხელფასი გაუხერხა და თან ორივე მათგანს უმაღლესი განათლების მიღებაში უდიდესი სამსახური გაუწია.

ყაბარდოელები დღემდე ემადლიერებიან საშა ლობჟანიძეს, არ ივიწყებენ მის ფასდაუდებელ ამაგს  და იმედოვნებენ, რომ უნიჭიერესი და ზეენერგიული ქართველის მიერ რეგიონში ჩაყრილი რაგბის ფუნდამენტზე ძველი დიდების აღდგენას მოახერხებენ.

80-იანი წლების დასაწყისში საშა ლობჟანიძე საქართველოში მეორედ, ამჯერად ოჯახთან ერთად დაბრუნდა და ბინა რუსთავში დაიდო. განათლებული, ენერგიული, კომუნიკაბელური და გამჭრიახი გონების პატრონი, ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო და მოკლე პერიოდში რეგიონში გავლენიან ფიგურადაც იქცა, თუმცა რაგბის გარეშე ცხოვრება დიდხანს ვერ შეძლო.

ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საშა ლობჟანიძემ რუსთავში რაგბის პირველი პროფესიული გუნდი შექმნა, რომელსაც თავად დამრიგებლობდა. სწორედ აღნიშნულმა კოლექტივმა დაუდო ქვემოქართლელთა მომავალ, დიდ წარმატებებს სათავე. რუსთაველებმა, ეროვნულ ჩემპიონატში დღემდე მოპოვებული  4  მედლიდან, სამივე სინჯის თითო ჯილდო საშა ლობჟანიძის მოღვაწეობის პერიოდში გაახერხეს.

საშა ლობჟანიძის მწვრთნელობისა და რაგბში საქმიანობის პერიოდში, სარბიელზე რუსთაველთა პირველი „ოქროს“ თაობა გამოჩნდა. „ბორჯღალოსნები“: ლევან ცაბაძე, მევლუდ მთიულიშვილი, პალიკო ჯიმშელაძე,ზაზა ხუციშვილი და გოდერძი შველიძე გამოჩენილ მოთამაშეებად იქცნენ და ორბიტაზე ქართული რაგბის იმიჯის ამაღლების საქმეშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

1997  წელს საშა ლობჟანიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  გამო სარაგბო საქმიანობას იძულებით ჩამოშორდა. ამაგდარ სპეციალისტს ექიმებმა დილატაციური კარდიომიოპათიის (გულის კუნთის დაავადება) დიაგნოზი დაუსვეს. თავი იჩინა მრავალი წლის მანძილზე დაგროვილმა კოლოსალურმა ფიზიკურმა დატვირთვამ და სტრესმა. „სპორტმენის გულად“ წოდებულ უმძიმეს ავადმყოფობას საშა ლობჟანიძე 2008  წლამდე ებრძოდა…

საშა და ლეილა ლობჟანიძეების ოჯახმა ქვეყანას 3 ქალიშვილი და 1 ვაჟი აღუზარდა. საშა ლობჟანიძის შვილები საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულნი და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ. მართალია, არცერთი მათგანი აქტიური სპორტით არ დაკავებულა, თუმცა ქალბატონ ლეილას მეტად ეიმედება, რომ გენი არ „დაიძინებს“ და  ბაბუის ნაკვალევზე დიდი რაგბის თამაშს ერთ-ერთი შვილიშვილი მაინც მოახერხებს. მანამდე კი ლობჟანიძეების სარაგბო დინასტიას წარმატებით საშა ლობჟანიძის დეიდაშვილის შვილი თემურ ლობჟანიძე აგრძელებს, ვინაც რუსთავის „ხარების“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდს უნარიანად უძღვება.