ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის Master League 7×7 პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან ერთად ესწრებოდა.
7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი – 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული.
მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას. მათ შორის, თბილისში მონაწილე გუნდების რაოდენობაა – 44 (აქედან 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში და 24 გუნდი თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში). დედაქალაქში რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 050-ს შეადგენს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ათასზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას.
ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს.
