ფრანგული ტოპ 14-ის გათამაშება მარტში კორონავირუსის გამო შეწყდა, მოგვიანებით კი 2019/2020 წლების სეზონი ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც არაერთ ვარსკვლავს კარიერის დასრულება ისე მოუწია, რომ გულშემატკივრებთან გამომშვიდობება ვერ მოახერხა, მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბეები დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე.
ამასთან დაკავშირებით ფრანგული მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, L’équipe-ს მიხედვით პროფესიონალ მორაგბეთა კავშირი გალა მატჩის ორგანიზებას გეგმავს, სადაც მონაწილეობას ის ვარსკვლავები მიიღებენ, რომლებმაც გულშემატკივრებთან გამომშვიდობება ვერ მოახერხეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ზემოთ აღნიშნულ ვარსვლავებში ისინი უმთავრესად დავით ზირაქაშვილს, მამუკა გორგოძეს და როდრიგო კაპო ორტეგას გულისხმობენ.
როგორც ცნობილი ხდება თამაშის ჩატარების რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის არის პენსიაზე ახლად გასულ მორაგბეებს შორის მატჩის გამართვა, ან მათი იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც საზოგადოება შეარჩევს. შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში დიდი ალბათობით საშუალება გვექნება ქართული რაგბის ორი სიმბოლოს მატჩი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.
