საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურში გორის დილამ საკუთარ მოედანზე მერანი მიიღო და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
მასპინძლები თავიდანვე ფლობდნენ შესამჩნევ უპირატესობას, თუმცა პირველი გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გაიტანეს. ანგარიში 58-ე წუთზე გორელთა საუკეთესო ბომბარდირმა მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა, კუთხურიდან გათამაშებული კომბინაცია უკრაინელმა ფორვარდმა თავური დარტყმით დაასრულა. ხუთ წუთში გიორგი ნემსაძის გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამჯერად გატანილი გოლით თავი 20 წლის ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა.
განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მასპინძელთა მესამე გოლი. კომბინაცია, რომელიც დილას ახალწვეულმა ირაკლი ლექვთაძემ წამოიწყო, მანვე ეფექტური დარტყმით დაასრულა და გორელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.
85-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და მიმდინარე სეზონში გატანილი 5 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ამ გამარჯვებით გორის დილამ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სულ მცირე კვირამდე, ტორპედო – დინამოს გამართვამდე გალიდერდა. მერანი კი 3 ქულით მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა.