თბილისის ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილია. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:
„თბილისის ლოკომოტივს გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.
ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი 9 ივლისს, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.
გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსთან ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას ლოკომოტივთან ერთად შეეცდება.
ბევრ წარმატებას და ახალ ტიტულებს ვუსურვებთ გიას ლოკომოტივთან ერთად”.
რამდენიმე თვის წინ თბილისის ლოკომოტივიდან მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე წავიდა. სპეციალისტი სოსო ფრუიძემ შეცვალა, თუმცა მაშინ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 ტურის შემდეგ შეჩერებული იყო. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, ფრუიძემ ლოკომოტივთან ერთად 2 მატჩი ჩაატარა – შეხვედრა მერანთან ფრედ, ანგარიშით – 1:1 დასრულდა, ხოლო ლოკომოტივმა დინამო თბილისთან მატჩი დიდი ანგარიშით დათმო – 0:4.