მაკფადენმა ბურგოსს რეალთან პირველად მოაგებინა

0
29

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. სან ბაპლო ბურგოსმა, რომლის ღირსებასაც თად მაკფადენი იცავს, მადრიდის რეალს 87:83 სძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კი საუკეთესო იყო.
“სამეფო კლუბი” თამაშის სტარტზე 12:2 დაწინაურდა, თუმცა, მაკფადენმა და მისმა თანაგუნდელებმა დაწინაურება პირველივე მეოთხედში მოახერხეს, საბოლოოდ კი, რეალს ისტორიაში პირველად მოუგეს.
თადი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:29 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან ერთი სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი, მის წინააღმდეგ კი, 3-ჯერ დაჯარიმდნენ. იმ პერიოდში, როდესაც მაკფადენი მოედანზე გახლდათ, საბ პაბლო ბურგოსმა მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო, თადის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი მოიგო, მაკფადენი ასევე საუკეთესოთა შორის იყო. შვეიცარიასთან მატჩში (96:88) მან 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო სერბებთან (94:90) 33 ქულას 7 პასი წაამატა.
ლიგა ენდესაში გადამწყვეტი ეტაპი მიმდინარეობს და ყოველ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ორი ტურის შემდეგ ბურგოსელებს მაქსიმალური შედეგი აქვთ და B ჯგუფს მასპინძელ ვალენსიასთან ერთად ლიდერობენ.