საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, რამდენიმე ასეულ ადამიანს სააღდგომოდ საკვები პროდუქტი გადაეცემა. სპეციალური სასაჩუქრე ყუთები მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცემათ. სხვადასხვა სოფლებში აღნიშნული ყუთების მიწოდებას ფეხბურთის რეგიონული ფედერაციები უზრუნველყოფენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე ერთვება თბილისის მერიის აქციაში და სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები და ჰიგიენური პროდუქტით დაკომპლექტებულ პაკეტს გადასცემს.
სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი: „ფეხბურთის ფედერაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა აქტივობებს. ამჯერად ჩვენ გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ ჩვენი პატივსაცემი ვეტერანი ფეხბურთელების მხარდაჭერა, რაშიც ჩვენი რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციები დაგვეხმარებიან. ასევე, სპეციალურ სასაჩუქრე ყუთებს გადავცემთ თბილისის მერიას, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან ეს პირველი აქტივობა არ არის, როგორც იცით, პირველი ორგანიზაცია ვიყავით, ვინც ვირუსთან საბრძოლველად თანხა გამოყო 100 ათასი ლარის ოდენობით და გადარიცხა დახმარების ფონდში. ჩვენი იმედი შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ. ვიქნებით იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ გულშემატკივრებს და ჩვენ ქვეყანას“.
1000 სასაჩუქრე ყუთის დარიგება, რომელიც საკვები და ჰიგიენური პროდუქციით, ასევე სააღდგომო პასკითა და ტკბილეულით არის დაკომპლექტებული უკვე დაწყებულია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონა ვირუსთან საბრძოლველად თანხა 100 ათასი ლარის ოდენობით გადარიცხა #StopCov ფონდში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფინანსური რესურსის გარდა მზადყოფნა გამოთქვა ფედერაციის ბალანსზე არსებული სასტუმროსა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის საკარანტინო ზონად მოსაწყობად.