“სამქულიანების ფასი” – საქართველოს ნაკრების გზა ევრობასკეტისკენ

0
59

ვაგრძელებთ კალათბურთის ფედერაციის პროექტს “საქართველოს ნაკრების გზა ევრობასკეტი 2021-მდე”. ამჯერად,  მე-17 ნაწილის ჯერია, რომელშიც წარმოგიდგენთ დუდა სანაძეს, ბექა ბურჯანაძეს, მიხეილ ბერიშვილს, ლევან ფაცაციასა და სანდრო მამუკელაშვილს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეებს, რომელებმაც სხვადასხვა წლებში იასპარეზეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში.

დუდა სანაძე

90-იან წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი იმედი პერიმეტრიდან ტყორცნებში გია სანაძე იყო. მან 20 მატჩი ითამაშა და 48 სამქულიანი ჩააგდო. 2013 წლიდან ეროვნული ნაკრების ღირსებას მისი ვაჟი დუდა იცავს, რომელმაც მატჩების რაოდენობით მამას უკვე გაასწრო: 34, რაც შეეხება სამქულიანებს, შვილს ერთით მეტი აქვს რეალიზებული – 49.

შვილი სჯობდეს მამასაო… ამაზე ყურადღების გამახვილება არ გვინდა, რადგან გიასა და დუდას სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სიძლიერის ნაკრებებში უწევდათ (და უწევს) თამაში. 90-იან წლებში ჩვენი მაქსიმუმი შესარჩევი ეტაპი იყო, დუდა სანაძემ კი ნაკრებთან ერთად სამი ევრობასკეტი ითამაშა (2013, 2015, 2017).

სანაძე-უმცროსს მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავების მეურვეობა უწევს, მაგალითად, ევრობასკეტი 2017-ზე NBA-ის ჩემპიონ, იტალიელ მარკო ბელინელის წინააღმდეგ თამაშობდა, მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კი იმავე ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვასთან იყო (79:77).

– გამთამაშებლის აყვანა მქონდა დავალებული. მაქსიმუმი გავაკეთე, ისევე როგორც მთელმა გუნდმა. ნაკრებს შეტევაშიც საკმარისად დავეხმარე და ლიეტუვასთან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. დღესაც გული მწყდება, რომ 2017 წელს კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, არადა, ჯგუფიდან რომ გავსულიყავით, პლეი ოფში შორს წავიდოდით. ძალიან დაგვაკლდა ორი ფორვარდი – ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე…

როგორ ფიქრობთ, ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ შვილის თამაშით მამა კმაყოფილი იყო:

– კმაყოფილი არასოდესაა. ყოჩაღო, რომ გითხრას, 50 ქულა უნდა ჩააგდო. კოლეჯების ლიგაში 38 ქულა რომ მოვაგროვე, კომპლიმენტი მითხრა, თუმცა შემდეგ დეტალურად განვიხილეთ რამდენიმე ეპიზოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, – დასძენს უმცროსი სანაძე, რომლის ორივე ძმა კალათბურთელია – სანდრო სუპერლიგის წარმომადგენლის, თსუ-ს სნაიპერია.

ბექა ბურჯანაძე

დუდა სანაძემ აღნიშნა – ევრობასკეტი 2017-ზე სანიკიძე და ბურჯანაძე ძალიან დაგვაკლდნენო. სხათა შორის, კარიერის ადრეულ პერიოდში ვიქტორს ტრავმებისა და ოპერაციების გამო სანაკრებო დებიუტი ძალიან დაუგვიანდა. რომ არა ტრავმები, ბურჯანაძეს დღეს 25-ზე გაცილებით მეტი ოფიციალური მატჩი ექნებოდა ნაკრებში.

– ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მაქვს, ვიცი, რომ ჯერაც ბევრი მიკლია სრულყოფილ თამაშამდე და ამ გამოწვევას ვღებულობ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე გამოცდილი კალათბურთელისგან ცოდნა შევიძინო, მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრებში ვიმყოფები, – თქვა ბექამ 2015 წელს ევრობასკეტის შემდეგ.

როგორც მოგახსენეთ, 2017-ის ევროპა გამოტოვა და 2021-ში კი, გამოცდილება საკმარისზე მეტი ექნება და ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა იყოს. მანამდე ევროშესარჩევია, სადაც ბურჯანაძე-შერმადინის დუეტის იმედად ვართ. ეს წყვილი ორი წლის წინ ერთად “ანდორაში” თამაშობდა და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. ტაქტიკას ასე გვიშიფრავს შერმადინი:

– “ანდორაში” ლაღად ვთამაშობდი. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბექა ბურჯანაძეს. იგი მძიმე ფორვარდია და სამქულიანებს კარგად სტყორცნის. მისი მეურვე ფრთხილობდა: ბექა სამქულიანზე რომ დაეტოვებინა და ჩემს დამცველს მიხმარებოდა, ბურჯანაძე ჩააგდებდა. შესაბამისად, ცენტრის დასახმარებლად და ჩემ წინააღმდეგ სათამაშოდ ფორვარდები სამწამიან ზონაში ხშირად ვერ ჩამოდიოდნენ.

ასეთი სტრატეგია საქართველოს ნაკრებისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

ლევან ფაცაცია

ლევან ფაცაციამ კარიერა “სოხუმში” დაიწყო, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღო ამერიკის კოლეჯების ლიგაში და საქართველოს ნაკრებისთვისაც სასარგებლო კალათბურთელად ჩამოვიდა. უნივერსალიზმის გათვალისწინებით ლევანს მწვრთნელები, იგორ კოკოშკოვი და ილიას ზუროსი, ხან მსროლელის პოზიციაზე ათამასებდნენ, ხან – მსუბუქი ფორვარდის და ხანაც – გამთამაშებლის.

– ბავშვობის დროინდელი ოცნება ამიხდა – ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და საქართველოს ჰიმნზე გავიმართე! იყო გარკვეული გარემოებები, რამაც საკუთარი  ნიჭის  წარმოჩენის შესაძლებლობა სრულად არ მომცა. დღეს გული მწყდება, მაგრამ ვურჩევ ახალგაზრდა თაობას, თავდაუზოგავად იშრომოს, რომ მიაღწიოს იმას, რაც პატარაობაში აქვს ჩაფიქრებული. დიდი მიზნების მიღწევა დიდი მონდომების გარეშე წარმოუდგენელია.

2014 წელს “დიდ მიზანს” საქართველოს ნაკრებმა სწორედ ლევან ფაცაციას ძალისხმევით მიაღწია: შესარჩევ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ჯერ უნგრეთში წააგო, შემდეგ პორტუგალიაში მარცხდებოდა. იმ მატჩის დათმობა, დიდი ალბათობით, ევრობასკეტის საგზურის დათმობად დაგვიჯდებოდა. თუმცა ოვერტაიმში სასწაულებრივად მოვიგეთ – 91:90.

ფაცაცია სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. ქულების უმეტესობა მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში ჩააგდო. მისი გარჯა სათანადოდ დააფასა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა:

– ოვარში მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ – თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობდნენ. ჩვენ პირიქით, უნგრული მარცხის შემდეგ, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გვჭირდებოდა გადაწყობა. ეს ყველაფერი საწყის 20 წუთზე აისახა, 23 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და მძიმე ბრძოლაში თამაშიც შემოვაბრუნეთ. დიდი მოცულობის საქმე შეასრულა ზაზა ფაჩულიამ, მშვენივრად ითამაშა ფაცაციამ…

მიხეილ ბერიშვილი

2017 წელს ევრობასკეტზე ლიეტუვასთან მოგება მიხეილ ბერიშვილსაც კარგად ემახსოვრება. წარმატებაში მანაც დიდი წვლილი შეიტანა – სათადარიგოთა სკამიდან თამაშში მშვენივრად ჩაერთო.

– საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო. წარმატების მთავარი მიზეზი გუნდური თამაშია. კარგად დაიწყეს სასტარტოებმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი სათადარიგოების გარჯას, ძალიან დაგვეხმარნენ გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი… – თქვა ნამატჩევს ილიას ზუროსმა, რომელსაც იმ დღეს სახეზე ღიმილი არ მიჰკარებია.

სხვათა შორის, მიშა საქართველოს ნაკრებში პირველ და მეორე ოფიციალურ შეხვედრებს შორის 9-წლიანი პაუზა ჰქონდა. იგი პირველად ეროვნულში იგორ კოკოშკოვმა 2008 წელს მიიწვია: სლოვაკეთთან ბოლო წამებზე ათამაშა და საფინალო ანგარიშიც სწორედ ბერიშვილის სამქულიანით დაფიქსირდა – 101:78. მეორე ოფიციალური მატჩი უკვე ლიეტუვასთან 2017 წელს იყო…

ისრაელში გამართული ევრობასკეტის შემდეგ ბერიშვილი ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა: 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევში მან უკლებლივ ყველა, 12 შეხვედრა ითამაშა და ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევ ეტაპზე მწვრთნელ ილიას ზუროსს მიშას კვლავ დიდი იმედი აქვს.

სანდრო მამუკელაშვილი

2018 წლის ივნისსა და ივლისში სერბეთთან და ავსტრასთან საქართველოს ნაკრებში ითამაშა იმედისმომცემმა ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის კოლეჯების უმაღლეს ლიგაში “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა.

– საქართველოს ნაკრების მატჩებს რომ ვუყურებდი, ძალიან მსურდა ნაკრების ფორმით მეც მეთამაშა, მაგრამ აქამდე ეს შეუძლებელი იყო გარკვეული მიზეზების გამო. ამერიკის მოქალაქე ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, 18 წლის რომ გახდები თავად გადაწყვიტე. ჩვენ კი ყოველმხრივ მხარში დაგიდგებითო. ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა, კალათბურთის ფედერაციის დახმარებით ფიბა-სთან ყველა საკითხი დადებითად მოგვარდა და საქართველოს პასპორტიც ავიღე.

სანდრო 2018 წლის ზაფხულშივე გაემგზავრა ამერიკაში და, ისევე როგორც NBA-ს კალათბურთელები ნაკრებებს ვერც ის ეხმარება – შუა სეზონში მას კოლეჯიდან არავინ გამოუშვებს. 2021 წელს კი ევრობასკეტზე მისი დიდი იმედი გვაქვს.

ალბათ, მოგისმენიათ – მამუკელაშვილი ვიქტორ სანიკიძისავთ დაფრინავსო…

– ვიქტორი ჩემი ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი იყო. მამაჩემს ნაკრების ყველა მატჩზე დავყავდი და ცინცაძე-სანიკიძის ალეი უპებს რომ ვუყურებდი, მეც ვცდილობდი ვარჯიშებზე იგივე გამემეორებინა.