2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთის ნაკრების 41:13 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვენეს და 9 თებერვალს ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
პირველ ტურში ესპანელებმა სოჭში რუსეთის ნაკრებს 5 ლელო გაუტანეს, 31:12 დაამარცხეს და ბონუსიც აიღეს. მათ ბორჯღალოსნების მსგავსად 5 საცხრილო ქულა აქვთ, საქართველოს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან და მეორე ადგილზე არიან.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე უყურა მომავალი მეტოქის თამაშს და თვლის, რომ შარშანდელთან შედარებით მეტოქე უკეთესად თამაშობს:
„ესპანეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს რაგბი ევროპაზე, თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. მოლში აშკარა დომინანტები არიან, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტად არიან შეთამაშებული და დახვეწილი აქვთ სტატიკური ფაზები. ჰყავთ სწრაფი მორაგბეები ხაზში და ცდილობენ არეულ თამაშში იხეირონ. იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გველის“.
სამი დანაკლისი
ბორჯღალოსნებისა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კვირას საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ამ თამაშს რამდენიმე ტრავმით ხვდება. რუმინეთთან მატჩში კოჭი დაიზიანა და მადრიდში ვერ ითამაშებს გიორგი კვესელაძე, ასევე მირიან მოდებაძე, რომელსაც მუხლი აწუხებს. საფრანგეთში გაემგზავრა და გუნდს ვერ დაეხმარება კოტე მიქაუტაძე. შეკრებაზე ერთი ახალი სახეა – ‘ლელო-სარასენსის’ უკანახაზელი აკაკი ტაბუცაძე, რომელსაც აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებისა და 7-კაცას რიგებში უთამაშია.
მზადების შესახებ მაისაშვილი ამბობს:
„კვირა დღე აღდგენას დაეთმო და ორი დღეა უშუალოდ ესპანეთთან მატჩისთვის ვემზადებით. ორშაბათს გვქონდა ვიდეო-ანალიზი და მეტოქის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს. სამწუხაროდ, მადრიდში ტრავმების გამო კვესელაძე და მოდებაძე დაგვაკლდებიან, ასევე კოტე მიქაუტაძე, რომელიც პირადი მიზეზების გამო საფრანგეთში გავუშვით. არის რამდენიმე მიკრო-ტრავმა და სამედიცინო შტაბის პასუხს ველოდებით“.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ თუ არა ესპანეთის წინააღმდეგ ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე. გიორგაძე რუმინეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობს. ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა ბექა საღინაძემ. ორივე მორაგბე გუნდთან ერთად რჩება და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება, მაგრამ გავლენ თუ არა ისინი მოედანზე, მოგვიანებით გაირკვევა.
ბორჯღალოსნები მადრიდში ხუთშაბათს გამთენიისას მიემგზავრებიან.
ესპანეთთან სათამაშოდ ემზადებიან
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).