ვასილ ლობჟანიძის მსოფლიო რეკორდი

0
39

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” რუმინეთს დაუხვდა და 41:13 დაამარცხა. ამ მატჩში “ბორჯღალოსნების” რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და ისტორიული მიღწევაც დააფიქსირა. საქმე იმაშია, რომ ლობჟანიძე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 სანაკრებო კეპის მოხვეჭა მოასწრო. “ბრივის” ჰავბექმა ამ ნიშნულს 23 წლის და 110 დღის ასაკში მიაღწია, რითაც უელსელი ჯორჯ ნორსის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 23 წლის და 138 დღის გახლდათ, როდესაც “დრაკონების” კვართი ორმოცდამეათედ მოირგო. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე იკავებს. ის 23 წლის და 291 დღის გახლდათ, როდესაც ბორჯღალიანი კვართი ორმოცდამეათედ მოირგო.
საერთაშორისო რაგბიში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეების სამეული, რომლებმაც 50 კეპი მოიხვეჭეს, ასე გამოიყურება:
1. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო) – 23 წლის და 110 დღის
2. ჯორჯ ნორსი (უელსი) – 23 წლის და 138 დღის
3. მერაბ შარიქაძე (საქართველო) – 23 წლის და 291 დღის
ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2015 წლის 7 თებერვალს ჰქონდა, როდესაც ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა – ავტ.) სტუმრად გერმანიას 64:8 მოვუგეთ. ის 2015 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” ძირითადი ცხრა ნომერი იყო და ტონგასთან მატჩის შემდეგ, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (18 წლის და 340 დღის), ვისაც კი ოდესმე მსოფლიო თასებზე უთამაშია.