“შერმადინის” 20 ქულა “ბარსელონასთან” დასანან მარცხში

0
55

ესპანეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “ბარსელონას” უმასპინძლა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა 83:87 დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წამებზე ანგარიში არაერთხელ გათანაბრდა და როდესაც სირენამდე 32 წამი რჩებოდა ტენერიფელებმა მორიგი შეტევა წამოიწყეს გასათანაბრებლად (ანგარიში 83:85 იყო). თუმცა მსაჯმა გიორგი შერმადინი ბლოკის არასწორად დაყენებისთვის შეტევაში დააჯარიმა. ეს ქართველისთვის მეხუთე ფოლი აღმოჩნდა და მოედნის დატოვებამ მოუწია.

აქ ტენერიფელებისთვის ყველაფერი გაირკვა. კუნძულელებმა ვერც ანგარიში გაათანაბრეს და გუნდის ლიდერიც გაუვარდათ. შერმადინმა 26 წუთში 20 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, ხუთიდან ოთხი საჯარიმო), 6 მოხსნა, ერთი პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

“ტენერიფეში” ქართველზე მეტი მხოლოდ საშუ სალინმა ჩააგდო – 24 ქულა, ხოლო “ბარსას” გამარჯვება მიროტიჩისა (18 ქულა) და არბინესის (16) კარგმა თამაშმა განაპირობა.