შოთა არველაძე სუპერლიგის სიმბოლურში

0
74

საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, „ტრაბზონსფორის“, ამსტერდამის “აიაქსის”, “გლაზგო რეინჯერსის” ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის ვარსკვლავურ შემადგენლობაში მოხვდა. შოთა „ტრაბზონში“ 1993–1997 წლებში თამაშობდა და 96 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა.

თურქეთის სუპერლიგის ლეგიონერთა საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია);
მცველები: ემანუელ ებუე (კოტ დივუარი), დიეგო ლუგანო (ურუგვაი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია);
ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), გუტი (ესპანეთი), ალექსი (ბრაზილია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი);
თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), შოთა არველაძე (საქართველო).

შეგახსენებთ, რომ არველაძე იყო თურქეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი (1994–95), სუპერლიგის ბომბარდირი (1995–96). ამას გარდა, 2003 წლის სექტემბერში შოტლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, წლის ქართველ ფეხბურთელად კი სამჯერ აღიარეს (1994, 1998, 2007).
ამჟამად შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელია, გუნდს ერთბაშად სამი ტიტული მოაპოვებინა და 2019 წელს უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.