ბონუს ქულით რუმინეთთან – “ანთიმოზ ივერიელის თასი” კვლავ ჩვენია!

0
42

ბორჯღალოსნებმა რუმინეთს „დინამო არენაზე“ ექვსი ლელო გაუტანეს და 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ლამაზ სტილში, 41:13 იმარჯვეს.

შუამარბი დავით კაჭარავა ბორჯღალოსანთა კვართით 120-ე თამაშს ატარებდა და ეს ფაქტი წყვილი ლელოთი აღნიშნა. შედეგად, მის მიერ გატანილი ლელოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეთა შორის მეორე ადგილზე დაწინაურდა, უკან ირაკლი მაჩხანელი და თედო ზიბზიბაძე ჩამოიტოვა, ხოლო მამუკა გორგოძეს 3 ლელოთი ჩამორჩება.

პირველი სანაკრებო ლელოები გაიტანეს თედო აბჟანდაძემ, ბექა გიგაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ხოლო მეექვსე ლელო მირიან მოდებაძის ანგარიშზეა.

განვლილ მატჩში მე-80 კეპი მოიხვეჭეს ლაშა ხმალაძემ და შალვა სუთიაშვილმა, მე-60 გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო 50-ე ვასილ ლობჟანიძემ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა და პირველი თასი შემართა ლევან მაისაშვილმა.

ბორჯღალოსნებს რუმინეთთან სარეკორდო სხვაობით გამარჯვებამდე (38:9 2016 წელს) ერთი ქულა დააკლდათ. სამაგიეროდ, აღნიშნულ მეტოქესთან სარეკორდო, 41 ქულა აიღეს და 4 წლის წინანდელის მსგავსად, 6 ლელო გაუტანეს. ეს იყო ამ გუნდების 24-ე დაპირისპირება და საქართველოს ნაკრებმა მოგებათა რაოდენობა 14-მდე გაზარდა (1 ფრე და 9 მარცხი), 2002 წლიდან რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“ კი მე-13-ედ შემართა (6-ჯერ რუმინეთმა).

ბრძოლა 50 წუთი

მატჩის დაწყებამდე მორაგბეებმა და ტრიბუნებზე შეკრებილმა 10-ათასამდე მაყურებელმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და თუ არ ჩავთვლით მცირე მონაკვეთებს, რომლებიც ჩვენივე შეცდომებით იყო განპირობებული, მთელი 80 წუთი დომინირებდნენ. ბორჯღალოსნები ხელდახელ ცდილობდნენ უპირატესობების შექმნას, რაც ეპიზოდურად ძალიან კარგად გამოდიოდათ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ვასილ ლობჟანიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი აუტში არ გაუშვა და შეუტია, რამდენიმე ფაზის შემდეგ, თედო აბჟანდაძემ ცენტრში გაჭრა ხაზი დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, კიდევ რამდენიმე ფაზის შემდეგ, აბჯანდაძემ ერთ შეტევაში მეორედ გაჭრა სუფთად ხაზი და ამჯერად ის მხოლოდ ლელოში შეაჩერეს. გარდასახვა თავად თედომ შეასრულა და მისი დარტყმული შორეულმა ძელმა აისხლიტა.

შეტევების მიუხედავად, ბურთის რამდენჯერმე დაკარგვის გამო, შანსი რუმინელებმაც მიიღეს და ორჯერ სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა მასპინძლებმა თავის დაცვა მოახერხეს. მაგრამ ეს ორჯერ ჯარიმის ფასად დაგვიჯდა, ფლორინ ვლაიკუმ საშუალო მანძილებიდან გაიტანა და რუმინეთი 6:5 დააწინაურა. ამას სტუმართა კიდევ ერთი, 90-მეტრიანი კონტრშეტევა მოყვა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჩვენი გუნდი დალაგდა, ხელდახელ კარგი შეტევის შემდეგ, კარის წინ 20 მეტრში ჯარიმა დაინიშნა და აბჟანდაძემ მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა.

მეორე ტაიმი კვლავ საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო. ამჯერად ჯარიმიდან ბურთი აუტში გაიგზავნა, ბურთი ხაზზე გაიშალა და კარის წინ ნოდარ ჭეიშვილმა დაარტყა, აბჟანდაძემ ერთხელაც სცადა ნაცადი ხერხის გამოყენება, მაგრამ ამჯერად მეტოქე ყურადღებით იყო, სამაგიეროდ ფრთაზე მირიან მოდებაძე უმეთვალყუროდ დარჩა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა, რუმინეთმა საპასუხოდ დერეფნიდამ შემოგვიტია, კეტელინ ფერკუმ ფეხით ბურთი მოკლე ფრთაზე დააბრუნა, სადაც მას ვლაიკუ ელოდა და ლელო გაიტანა. მან რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა – 13:13.

იდეალური დასასრული

რამდენიმე წუთში ვლაიკუს რუმინელების დაწინაურების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი შორეული დარტყმა ძელმა აისხლიტა, მერე კი ბორჯღალოსნები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას და 4 ლელოც გაიტანეს.

58-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ნაცად ხერხს მიმართა, დერეფნიდან მოლი დააყენა და ლელოს ხაზამდე მივიდა, იქ კი ბურთი ბექა გიგაშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო. აბჟანდაძემ გარდასახა. 64-ე წუთზე, კვლავ დერეფნის შემდეგ, ბურთი შორეულ ფრთამდე ჩათამაშდა, იქ საქმეში მაღალ სიჩქარეზე დავით კაჭარავა ჩაერთო, ხაზი გაჭრა და 120-ე კეპი ლელოთი აღნიშნა.

საქმეში მარქაფა ჩაერთო და ჩვენმა გუნდმა თამაში კიდევ უფრო ააჩქარა. 74-ე წუთზე გელა აფრასიძემ ცენტრში გაჭრა ხაზი და შეტევა ოფლოუდით გიორგი მელიქიძეს გააგრძელებინა, მან კი თავის მხრივ ოფლოუდი მიხეილ გაჩეჩილაძეს გაუხერხა, რომელმაც 22-ს უწია. ბურთი სწრაფად გავიდა მარცხენა ფრთაზე და ორი პასის შემდეგ, კაჭარავამ მეორე ლელო მიითვალა. შეხვედრის მიწურულს საქართველომ კიდევ ერთხელ ააგორა კარგი მოლი, გიორგი ჭყოიძემ პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ ბოლო ოთხივე ლელო გარდასახა – 41:13.

მატჩის შემდეგ

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პირველად რუმინელთა თავკაცი ენდი რობინსონი და კაპიტანი ფლორინ სურუჯიუ გამოცხადდნენ და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს

ენდი რობინსონი: „როდესაც ანგარიში 13:13 იყო, გვქონდა განცდა, რომ მეტოქეს წნეხში მოვაქცევდით, მაგრამ ეს ვერ შევძელით. სტატიკაში ვერ ვივარგეთ. ჩვენს მოთამაშეებს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშიათ და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს კარგი 60 წუთისთვის. ისინი ცდილობდნენ ასევე გაეგრძელებინათ, მაგრამ ძალა გამოგვეცალა. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ვეთამაშეთ ძალიან კარგ საქართველოს ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასის წინ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეკრებაზე და შეთამაშების მხრივ პრობლემა არ ჰქონდა. ამასთანვე, საქართველოს ნაკრებს ყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც სულაც არაა გუნდისთვის ახალი. ის ჩართული იყო ნაკრების მომზადებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვეთამაშეთ კარგად ორგანიზებულ გუნდს და გასაკვირი არაა ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა“.

ფლორინ სურუჯიუ: „პირველი 60 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მივსდევდით სათამაშო გეგმას, მაგრამ გვიჭირდა შერკინებაში და რაქებში. ვცდილობდით სხვაობა მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო, რათა დასკვნით წუთებში გამარჯვების შანსი გვქონოდა, თუმცა ავირიეთ და შეცდომები დავუშვით“.

გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის პირველ თამაშს გარკვეული სირთულეები ახლავს, რადგან შესათამაშებლად ძალიან მცირე დრო გვაქვს და ტექნიკური წუნი დიდია. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში საინტერესო მომენტები მრავლად გვქონდა. ეს ანგარიშში არ აისახა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც წესი, ყოველთვის დგება საკვანძო მომენტი, როდესაც თამაში უნდა გარდატეხო. ტექნიკურ წუნზე ვიმუშავებთ და თამაშიდან თამაშამდე აღმოვფხვრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასე ვითამაშოთ და არ ვიყოთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. დღეს დაბოლოვებაში რაღაც ისე არ გამოგვდიოდა, მაგრამ ხვალ გავაკეთებთ, ზეგ უკეთესი იქნება. ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ და მე კმაყოფილი ვარ. ის, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ, იყო იმის წინაპირობა რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ“.

„სისტემა ქმნის შესაძლებლობებს და ეს ყველას კარგად გვესმის. წნეხია ჩვენი შეცდომები, მსაჯი, მოწინააღმდეგე, გარემო, პასუხისმგებლობა, თუმცა ყოველთვის დგება გარდამტეხი მომენტი. კარგია, რომ ბიჭებმა ამ წნეხს გაუძლეს და მოახერხეს თამაშის გარდატეხა. კვესელაძეს უახლოეს პერიოდში სურათს გადავუღებთ და გვეცოდინება რა მდგომარეობაშია. ოთარ გიორგაძეს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, სერიოზული არაფერი უნდა იყოს და სამშაბათას გვეცოდინება ითამაშებს თუ არა ესპანეთთან“.

ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე ამბობს, რომ ბიჭები სისტემის ერთგული დარჩნენ და ამან გაამართლა:

„რაზეც ვისაუბრეთ შესვენებისას, იმის მოედანზე გადატანა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოვახერხეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში მიღებულმა ლელომ გამოგვაფხიზლა, სისტემის ერთგული დავრჩით და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. მეტოქე ისეთ წნეხში მოვაქციეთ, რომ მათგან პროვოკაცია მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. ბიჭები შევიკარით, ვთქვით რომ მნიშვნელოვანი იყო მოედანზე 15 დავრჩენილიყავით, დომინაცია გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით“.