დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია – 17 ქულა ფინალში!

0
26

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია. “ოლივეირენშემ”, რომელმაც ნახევარფინალში “სპორტინგს” 93:88 სძლია, ფინალურ მატჩში “ბენფიკას” 83:81 აჯობა და თასი მოიპოვა.

სანაძე ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35:29 წუთში 14 ქულა, ერთი მოხსნა, ერთი პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 6-დან ერთი სამქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძე ფინალურ მატჩში 17 ქულით ბომბარდირი გახდა. დუდამ 22:02 წუთში ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, აქტივში თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ “ოლივეირენშე” პორტუგალიის ბოლო ორი წლის ჩემპიონია და მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდს სწორედ ის გუნდები უსწრებენ, რომლებიც თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ – პორტო, ბენფიკა და სპორტინგი.

გთავაზობთ სანაძის კომენტარს, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა თასის მოგების შემდეგ ქართულ მედიასთან გააკეთა:

 

დუდა სანაძე: ლისაბონურ კლუბებთან ორი რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სპორტინგთან უფრო გაგვიჭირდა, რადგანაც მატჩის მოსაგებად ორი ოვერტაიმი დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ ჩემპიონები იოლად ვერ გავხდებოდით.

ოლივეირენშე ზედიზედ ორი წელია პორტუგალიის ჩემპიონი ხდება. ლისაბონურ კლუბებს ჯობნის, თუმცა მარტივად არაფერი მოდის.

პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი 4 გუნდი ძალიან ძლიერია: ბენფიკა, ოლივეირენშე, პორტო და სპორტინგი. დანარჩენი კლუბები შედარებით სუსტები არიან, თუმცა ამ 4 გუნდის ხარჯზე დონე მაინც მაღალია. რა თქმა უნდა, წლევანდელი მიზანიც ჩემპიონობაა.