ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონმა ‘ხაგუარესმა’, საქართველო XV-ს სერიის პირველ მატჩში 10 ლელო გაუტანა, 8 გარდასახა და დიდი ანგარიშით, 66:3 გაიმარჯვა.
არგენტინელები სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც სტარტს 1 თებერვალს აიღებს და დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველო XV-თან ორი მატჩი დაგეგმეს. სერიის პირველი შეხვედრა მარ-დელ-პლატაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ‘ხაგუარესმა’ დედაქალაქის გარეთ პირველად ითამაშა და სტადიონიც პირთამდე შეივსო.
სტუმრები მასპინძლებს პირველ ტაიმში, შერკინებაში ჯობდნენ, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხეს, სხვა კომპონენტებში კი, მასპინძლებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. შეხვედრის დებიუტში საქართველო XV ახერხებდა მეტოქის მიძალების შეჩერებას. ‘ხაგუარესმა’ ანგარიში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გახსნა და გარდასახვაც გაიტანა, რაზეც რევაზ ჯინჭველაშვილმა მე-14 წუთზე 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა.
ამას ჩვენს ნახევარზე შეცდომა მოყვა, ბურთი დავკარგეთ და სწრაფი ლელო მივიღეთ. ‘ხაგუარესმა’ ძალისმიერ სტილში მოისურვა ლელოს გატანა, რაც 28-ე წუთზე მოახერხა. მანამდე სინბინით ბექა მამრიკიშვილი დავკარგეთ, შეტევა კი ლელოთი აგუსტინ კრევიმ დაასრულა. დასკვნით 10 წუთში მეტოქემ კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხა და ტაიმი 31:3 დასრულდა.
‘ხაგუარესი’ მეორე ტაიმშიც სრულად აკონტროლებდა ბურთს, თუმცა 18 წუთის განმავლობაში ლელო არ გავუშვით. ამ პერიოდში 10 წუთი კაცნაკლულიც ვიყავით, საბოლოოდ კი მეტოქემ კვლავ ჩვენი შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე იხეირა. 64-ე წუთზე მესამედ დავისაჯეთ სინბინით, ამჯერად დავით მოძღვრიშვილი გააძევეს, მეტოქემ კი კიდევ 4 ლელო გაიტანა და 66:3 იმარჯვა.
საქართველო XV ‘ხაგუარესთან’ სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.
ხაგუარესი – საქართველო XV 66:3
საქართველო XV
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13. გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ნიკა გიგაური (არმაზი), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები);
1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (აია, კაპ.), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (აია), 7. დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17. ბექა გვარამია (აკადემია), 18. ნიკა პატარაია (ბუქარესტის ‘დინამო’, რუმინეთი), 19. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20. გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები); 21. კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია); 24. რევაზ წიკლაური (აია), 25. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29. თორნიკე კიკნაძე (ჯიქი).