ლეგენდარულმა ურუგაელმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა 21-წლიანი კარიერა, მონტევიდეოში გამართული საჩვენებელი მატჩით დაასრულა.
შეხვედრაში მონაწილეობა ფორლანის ყოფილმა თანაგუნდელებმა და მეგობრებმა მიიღეს. გუნდები პირობითად „ურუგვაიდ“ და „ფორლანის მეგობრებად“ დაიყო. სხვებთან ერთად, მოედანზე ხუან სებასტიან ვერონი, ლუის სუარესი და სებასტიან აბრეუ ვიხილეთ. უშუალოდ თამაში კი 6:6 დამთავრდა.
ფორლანმა, რომელმაც პროფესიულ დონეზე ფეხბურთი სამ სხვადასხვა კონტინენტზე ითამაშა, კარიერის დასრულების შესახებ აგვისტოში გამოაცხადა და უკვე ვიცით, რომ იანვრიდან მონტევიდეოს „პენიაროლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.
დიეგო ფორლანს კარიერის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ვილიარეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ მაისურითაც უთამაშია. მისთვის გამორჩეული 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ, რომელზეც ურუგვაიმ ნახევარფინალში ითამაშა, თავად დიეგო კი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
