შერმადინის სარეკორდო 32 ქულა

0
29

ესპანეთში ქართული დერბი შედგა. ბექა ბურჯანაძის გრან კანარია ტენერიფეში შეხვდა გიორგი შერმადინის იბეროსტარს და 79:100 წააგო. მატჩის ბედი შერმადინის დიდებულმა გარჯამ გადაწყვიტა, რომელიც კვლავ შეუჩერებელი იყო და ამჯერად ესპანურ და მთლიანად მის საერთაშორისო საკლუბო ისტორიაში რეკორდი გამოაცხო. შერმადინმა კანარელებს 32 ქულა ჩაუგდო, რაც 2008 წლის მერე, რაც მისი უცხოური კარიერა დაიწყო, ქართველი ცენტრისთვის უმაღლესი შედეგია.

შერმადინს გარჯა დაუფასდა. მისი მეოხებით ტენერიფელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში – 29:42 წუთი ითამაშა და 12-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო. 32 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, რითაც ასევე რეკორდულ სარგებლიანობის ინდექსს – 42-ს უწია. შერმადინის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP და დიდი ალბათობის, ის ტურის საუკეთესოც (მესამეჯერ მიმდინარე ჩემპიონატში) გახდება.

ბექა ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:36 წუთში თავი 12 ქულას მოუყარა. ბექამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ბურჯანაძე კანარელთაგან მე-2 იყო შედეგიანობით. მასზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი ჯონ შურნამ მოაგროვა – 17.

8 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე 18-გუნდიან ლიგაში მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება ბურჯანაძის გუნდს, გრან კანარიას 7-7 მოგება-წაგება აქვს და მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ამ ტურის მატჩს თორნიკე შენგელიას ბასკონია 22 დეკემბერს, შინ ბურგოსთან გამართავს.