“ელ კლასიკო” – პირველად 2002 წლის შემდეგ…

0
50

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურის გადადებული მატჩი კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი 73-ე წუთი იყო. გარეტ ბეილის მიერ გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
აღნიშნული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა სერხიო რამოსისთვის. მადრიდელთა კაპიტანმა 43-ე “ელ კლასიკო” ითამაშა, რაც საუკეთესო შედეგია. საინტერესოა ისიც, რომ ამ გუნდებს 0:0 2002 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ.
მატჩის შემდეგ კომენტარი “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა გააკეთა:
„შესვენებაზე ვარანის ეპიზოდები ვნახეთ და ორივე შემთხვევაში პენალტი უნდა დანიშნულიყო. ვიდეორეფერი დასახმარებლად არის, თუმცა დღეს არ გაგვიმართლა. სხვა დროს, შესაძლოა, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მოხდეს“.
ზინედინ ზიდანი ისტორიაში შევიდა: ფრანგმა „კამპ ნოუზე“ „რეალის“ თავკაცის რანგში მეხუთე „ელ კლასიკო“ ჩაატარა დაუმარცხებლად (2 მოგება, 3 ფრე). აქამდე „სამეფო კლუბის“ არცერთი მწვრთნელისთვის „ბარსელონასთან“ სტუმრად ჩატარებული საწყისი 5 შეხვედრა მარცხის გარეშე არ დასრულებულა.
ამ მატჩის შედეგად ორივე გუნდს 36 ქულა დაუგროვდა. ლა ლიგის გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს “ბარსელონა” იკავებს, ხოლო მეორეს – “რეალი”.