ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”, რომელმაც “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 111:106 დაამარცხა.
პეისერსმა პირველი მეოთხედი ერთი ქულით დათმო (24:25), თუმცა მეორე მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 55:45.
გოგამ სწორედ მეორე მეოთხედში შეძლო ქულების აღება. ქართველმა ცენტრმა მეოთხედის საწყის 4 წუთში 6 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც შედეგიანი სროლა აღარ განუხორციელებია. ორლანდომ მესამე მეოთხედი 40:28 მოიგო და სიტუაცია ისევ დაიძაბა.
დასკვნითი მეოთხედის ბოლო წამებზე, როდესაც ანგარიში 106:106 იყო, აარონ ჰოლიდეიმ სამქულიანი ჩააგდო და პეისერსმა მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ორლანდოს ბოლო შეტევა არ გამოუვიდა. მეჯიქის კალათბურთელებმა ბურთი დაკარგეს და ჯასტინ ჰოლიდეიზე დაჯარიმდნენ. ამ უკანასკნელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 111:106 ინდიანას სასარგებლოდ.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჯამში კი მოედანზე 14:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გოგამ 4-იდან 3 ორქულიანი ჩააგდო. 20 წლის ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე ერთი დაფარება იყო. მისი პლუს-მინუს მაჩვენებელი 15 იყო, რაც მესამე შედეგია დაგ მაკდერმოტისა (20) და ჯასტინ ჰოლიდეის შემდეგ (16).
ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც შეხვედრა 25 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. ჯერემი ლამბმა 14 ქულა ჩააგდო. 25 ქულა იყო ძმების ანგარიშზე – აარონ ჰოლიდეიმ 13 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო ჯასტინმა 12 ქულას 3 მოხსნა და 6 პასი მიუმატა.
ამ გამარჯვების შემდეგ ინდიანა პეისერსს 15 მატჩში 9 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, საკუთარ არენაზე მემფის გრიზლის წინააღმდეგ გამართავს.