გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სამაშო დღეს სტუმრად ბრუკლინ ნეტსი დამაჯერებლად დაამარცხა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. პეისერსის გამარჯვებაში თავის წვლილი 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
…მეორე პერიოდში პეისერსმა მეტოქეს შანსი აღარ მისცა, 41 ქულა ჩაუგდო და დიდ შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 59:35. შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი აქ გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ მეორე პერიოდის სტარტზე სტუმართა გაქცევას სათავე, შეტევაში გოგა ბითაძის მოხსნამ და ჩატენვამ დაუდო.
გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჯამში კი მოედანზე 16:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გოგამ ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, თითო სამქულიანი და საჯარიმო კი არაზუსტად ტყორცნა. 20 წლის ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე ორი ბლოკ-შოტი და ერთი ჩაჭრაა, მისი პლუს-მინუს მაჩვენებელი 22 იყო, რაც მეორე შედეგია მისი თანაგუნდელის, დაგ მაკდერმოტის (35) შემდეგ.
