საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულაში მდებარე საფეხბურთო კლუბ ისტრას სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესში, რომელიც კვლავ ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხორვატიაში გამართულ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ვლადიმირ ვაისმა და ვაკო გვილიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლევან შენგელიამ და ოთარ კიტეიშვილმა ხორვატიასთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.
ლევან შენგელია: “ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელარუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევაში და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ”.
ოთარ კიტეიშვილი: “შვეიცარიის წინააღდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ. ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.