საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში ბოლო რამდენიმე დღეა ძირითადად წვიმს. ხორვატიაში ჩასვლიდან მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა ქალაქ მედულინში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიში ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.
ხორვატიასთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ვაკო გვილიამ ისაუბრა: “ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიო ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.
შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეიოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).