ნატალია ოთხმეზურის წარმატებული დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

0
25

ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ქართველი გოგონას წარმატებული დებიუტი შედგა. ნატალია ოთხმეზურმა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდსში” 1 და 2 ნოემბერს 2 მატჩი ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ჯუნიორ ჯოლეჯების ლიგის სეზონის პირველ შეხვედრაში კასპერის კოლეჯი ტრინიდად სტეიტს შეხვდა და 80:49 სძლია, ხოლო მეორე დღეს ოთხმეზურის გუნდმა ოტერო ჯუნიორ კოლეჯიც დაამარცხა – 89:74, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

ტრინიდადთან შეხვედრაში ნატალიამ 14 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი ორიანი კი ააცილა. მომდევნო მატჩში ოთხმეზურმა მოედანზე უკვე 23 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოტერო კოლეჯთან 89:74 მოგებულ მატჩში ნატალიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. კასპერის კოლეჯში ოთხმეზურის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ანა ქავთარაძე, რომელმაც ტრინიდადის კოლეჯის წინააღმდეგ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ხოლო ოტეროსთან მოედანზე არ გასულა.

ორიდან ორი მოგებით კასპერ თანდერბერდსი თავის კონფერენციაში ლიდერია. შემდეგ მატჩი ოთხმეზურის გუნდს 5 ნოემბერს, ნორსისტერნ ჯუნიორ კოლეჯთან ელის.