გოგა ბითაძის პირველი სასტარტო ნბა-ში

0
29

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 20 წლის ქართველმა, გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. ეს გასულ მატჩში, “ჩიკაგო ბულზთან” მოხდა, რომელიც “ინდიანა პეისერსმა” 108:95 დაამარცხა და წარმატებული სერია სამამდე გაზარდა.

ბითაძემ მოედანზე 18:57 წუთი გაატარა და ალბათ, მეტი დროც მიეცემოდა, პერსონალური ფოლებით რომ არ დატვირთულიყო. შეხვედრაში ინდიანელთა პირველი ქულები სწორედ ქართველმა ლეგიონერმა მიითვალა, საბოლოოდ კი, მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება იყო.

გოგამ ექვსიდან სამი ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი ერთი დაკარგვა და 6 ფოლი ჰქონდა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. ინდიანელთ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო 26 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულას 7 პასი წაამატა, ტი ჯეი ლიფმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 15 მოხსნა.

სეზონის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ “ინდიანამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 6 ნოემბერს, სტუმრად, “შარლოტ ჰორნეთსთან” ჩაატარებს.