”ბაიერნისა” და კოვაჩის 16-თვიანი თანამშრომლობა დასრულდა

0
34

საფეხბურთო კლუბ მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა პოსტი დატოვა. ხორვატისა და მიუნხენური გრანდის 16-თვიანი თანამშრომლობა დასრულდა, ბუნდესლიგის გასულ ტურში ”აინტრახტთან” განადგურება ნიკო კოვაჩს არ აპატიეს.

მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ჰანსი ფლიკი დაინიშნა.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში კოვაჩმა ”ბაიერნს” დიდი მალდობა გადაუხადა:”ვფიქრობ წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა. გასული წელიწადნახევარი ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს ძმასთან, რობერტთან ერთად ვიმუშავე. ჩვენ მოვიგეთ გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და სუპერთასი. ეს კარგი დრო იყო. გუნდს წარმატებებს ვუსურვებ”.

კლუბის მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ული ჰიონესთან, ჰასან სალიჰამიჯიჩთან და ნიკო კოვაჩთან საუბრის შემდეგ მიიღეს. რუმენიგეს თქმით გასული მატჩებიდან გამომდინარე სამწვრთნელო ცვლილება დროული და სწორი გადაწყვეტილებაა.

2018-19 წლების სეზონი ”ბაიერნმა” იუპ ჰაინკესის მთავარი მწვრთნელობით დაასრულა, 2018 წლის ზაფხულში ჰაინკესი კოვაჩმა შეცვალა და გასულ სეზონში ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ”ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად იასპარეზა.

ბუნდესლიგის გასული ოთხი მატჩიდან ”ბაიერნმა” მხოლოდ ერთი მოიგო. ბავარიელები ”ჰოფენჰაიმთან” და ”აინტრახტთან” დამარცხდნენ. შეგახსენებთ, გასულ შაბათს ”აინტრახტმა” კოვაჩის გუნდი 5:1 გაანადგურა.