ბათუმის “დინამომ” გორში ვერ მოიგო, თუმცა, მაინც ერთპიროვნულად გალიდერდა

0
44

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის დასკვნითი მატჩი გორის “დილასა” და ბათუმის “დინამოს” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობა. ზეწოლა სტუმრებმა  განსაკუთრებულად მეორე ტაიმში გააძლიერეს. გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა საკმაოდ ბევრი მწვავე მომენტიც შექმნეს, თუმცა გადამწყვეტ სიტუაციებში გორელებმა საკუთარი კარი საიმედოდ დაიცვეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა გოლკიპერი, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენიმე რთულ მომენტში იხსნა.

მას შემდეგ, რაც ბათუმის “დინამოს” მთავარმა კონკურენტმა, დედაქალაქურმა “დინამომ” “ლოკომოტივთან” წააგო, გორში გამარჯვება ზღვისპირელებისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ მოპოვებული ქულის ხარჯზეც ბათუმელებმა 63 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს. თბილისელებს 62 ქულა აქვთ.