ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში მორიგი შეხვედრები გამართა “საქართველო 2005”-მა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის 2 გამარჯვებით დაწყების შემდეგ დღეს კიდევ 2 მატჩი გამართა და თითო მოგებ-წაგება გაიფორმა. ქართულმა გუნდმა რუსეთის ქალაქ პერმის “ოლიმპიეცი” 53:46 დაამარცხა, რის შემდეგაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, არმიულ ცსკა-ს დაუპირისპირდა და 49:67დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატების გამორჩეული, პერსპექტიული და საინტერესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ქართული გუნდები 2005 და 2006 წელს დაბადებულთა ევროპის ლიგაში ასპარეზებენ, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.
“საქართველო 2005”-ს მეორე წრეში გასამართი ბოლო მატჩი 20 ოქტომბერს ელის. ტომარაძის გუნდის მეტოქე პოლონური “კომაროვი” იქნება.