სერ ალექსს მატჩის “ჩაწყობაში” სდებენ ბრალს

0
40

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლეგენდარულ შოტლანდიელ სპეციალისტ სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგის მატჩის განზრახ წაგებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ცნობას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ჯუზეპე პალიარიმ ამის შესახებ პროკურორ ბრაიან ო’ნილს აცნობა. აღსანიშნავია, რომ პალიარი ამჟამად კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა შორისაა.

პალიარის ინფორმაციით, ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ შეხვედრაში მარცხის სანაცვლოდ 30 ათას გირვანქის ღირებულების Rolex-ის საათი მიიღო. გარდა ამისა, ჯუზეპე დასძენს, რომ ფერგიუსონი ხშირად აგენტებისგან ფულს იღებდა ფეხბურთელების გაყიდვიდან.

რაც შეეხება განზრახ წაგებულ მატჩს, კონკრეტული თამაში არ დასახელებულა.  შოტლანდიელი ინგლისურ გრანდში მუშაობდა, „მანჩესტერი“ და „იუვენტუსი“ ერთმანეთს 1996, 1997, 1999 და 2003 წლებში რვაჯერ დაუპირისპირდნენ. ოთხჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, სამჯერ იტალიელებმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.