ბელგიის ეროვნული ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც „ევრო 2020“-ის ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. რობერტო მარტინესის გუნდმა მიზანს შესარჩევი ციკლის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მიაღწია.
„წითელმა ეშმაკებმა“ სან მარინოს 9:0 მოუგეს, რითაც ჯგუფში ასპროცენტიანი სვლა განაგრძეს და 21 ქულა მოაგროვეს. აღსანიშნავია, რომ ცხრაბურთიანი სხვაობით გამარჯვება ბელგიელთა ყველა დროის რეკორდის გამეორებაა.
განსაკუთრებული დღე გახლდათ რომელუ ლუკაკუსთვის, რომელიც ნაკრების ისტორიაში ჩაეწერა. ლუკაკუმ სან მარინოელებს ორი გოლი გაუტანა, რითაც ეროვნულ გუნდში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 50 ან მეტი სანაკრებო ბურთის გატანა შეძლო. იგი „წითელ ეშმაკთა“ ყველა დროის ბომბარდირთა დავას 51 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ედენ აზარს 21 ბურთით უსწრებს. ლუკაკუს 51 გოლის გასატანად 83 მატჩი დასჭირდა.