ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა

0
65

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. ფოთის „კოლხეთი 1913“-მა მშობლიურ სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში ზუგდიდის „ზუგდიდს“ უმასპინძლა. მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ფოთის სტადიონის ძირითადი ტრიბუნის მშენებლობა დასრულდა, დაიგო ბუნებრივი საფარი და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ფოთის “კოლხეთს” მშობლიურ სტადიონზე თამაშის საშუალება მიეცა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი და აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. ასევე მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

 „მინდა, ყველა ფოთელს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს სტადიონზე პირველი თამაში. მოგახსენებთ, რომ დასრულებულია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი, ამასთანავე მიდის სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციაზე და სულ მალე გამოცხადდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამუშაოების მეორე ეტაპი და დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება დასრულებული სტადიონი, რომელიც 5 ათას 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ის პროექტი,რომელიც დაწყებულია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების მიერ აუცილებლად წარმატებით დასრულდება.“ – განცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.