ქართველები ურუგვაისთან მატჩზე: “ერთადერთი კოზირი შერკინება არ იქნება”

0
27

სულ უფრო ცოტა დრო რჩება კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე. გუნდებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე თამაშს დაიწყებენ.

უკვე ვწერდით, რომ უელსთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეიცვალა. გუნდის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ეს წინდაწინ დაგეგმილი ცვლილებები იყო:

„რთული გრაფიკი გვაქვს. 10 დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს და მოთამაშეთა როტაცია აუცილებელია. ცვლილებები თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მოთამაშემ უელსთან მატჩში მოედანზე დიდი დრო გაატარა და მათ დასვენების საშუალება მივეცით. განაცხადში 31 მოთამაშე გვყავს და ყველა მათგანი საკუთარ შანსს ელოდება. მიუხედავად ცვლილებებისა, შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები მრავლად არიან, ისეთები, როგორებიც გუნდის კაპიტანი ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა ლომიძე და კოტე მიქაუტაძე არიან. გამოცდილი მოთამაშეები გვყავს სათადარიგო სკამზეც“.

23 სექტემბერს, უელსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა და მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მოედანზე ყველა მორაგბე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

„მთელი კვირის განმავლობაში შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობდით. უელსთან საწყის წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა და შეცდომები მრავლად დავუშვით. მათ გამოსასწორებლად ცოტა დრო იყო, თუმცა გვქონდა კარგი გარჩევა და მოთამაშეებმა ზუსტად იციან რა აქვთ გასაუმჯობესებელი“.

ურუგვაიმ 2019 წლის მსოფლიო თასზე თავისი პირველი თამაში ორი დღის წინ ჩაატარა და ყველასთვის მოულოდნელად, ფიჯი 30:27 დაამარცხა. მას შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სულ ორი ცვლილება მოხდა – შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და შერკინების შემკვრელი:

„ურუგვაიმ გვაჩვენა, რომ არცერთ თამაშში არ აპირებს დანებებას და ყველა კომპონენტში ბოლომდე იბრძოლებს. პირველ შეხვედრაში სწორედ ასე მოხდა და ფიჯის მოედნის ყველა წერტილში ბრძოლა გაუჩაღა. ახლაც იგივეს მოლოდინში ვართ. არ ვფიქრობ, რომ ურუგვაისთან ჩვენი ერთადერთი კოზირი შერკინება იქნება. ვეცდებით ყველა კომპონენტში დომინანტის როლში ვიყოთ, იქნება ეს შერკინება, მოლი, თუ უკანა ხაზი. ურუგვაი, ჩვენს მსგავსად მებრძოლი გუნდია და საინტერესო დაპირისპირებას ველი“.

„ვეცდებით თამაში გავშალოთ“

გიორგი კვესელაძემ უელსის ნაკრების წინააღმდეგ ფრთაზე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ის იმ სამ მორაგბეს შორისაა, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს, ოღონდ ამჯერად თამაშს ცენტრში იწყებს:

„ვნახეთ ურუგვაისა და ფიჯის შეხვედრა, რომლის შედეგმაც ყველა გაგვაოცა. განვიხილეთ მათი თამაში და ვეცდებით სუსტ წერტილებში შევუტიოთ. მეტოქე გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს და აუცილებელია ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები და აგრესიულები. ისინი დაცვაში მჭიდროდ დგანან და შევეცდებით გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ“.

„თამაშისას დომინანტები უნდა ვიყოთ“

ლაშა ლომიძეს უელსის ნაკრების წინააღმდეგ არ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ის ამბობს, რომ გუნდი მოედანზე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

„ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა და ეს უდიდესი მოულოდნელობა იყო. მეტოქემ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა მომავალი თამაშის წინ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მობილიზებულები ვართ და ვეცდებით ყველა ის შეცდომა გამოვასწოროთ, რომლებიც პირველ თამაშში დავუშვით. ვიმედოვნებ, რომ ამ თამაშში ერთადერთი გუნდი, რომელიც სიურპრიზებს შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები იქნება. ვეცდებით პირველივე წუთებიდან ვიყოთ კონცენტრირებული და თამაშმა ჩვენი დომინირებით ჩაიაროს“.