ჯაბა ჯიღაური: “ბათუმს უდიდესი საფეხბურთო პოტენციალი აქვს”

0
69

„ფეხბურთის ბათუმელი გულშემატკივრები იმსახურებენ, ჰქონდეთ ასეთი უნიკალური სტადიონი“
ფეხბურთის თამაში პატარაობიდანვე დაიწყო. მუდამ ჰქონდა ის შემართება, რომ ერთ დღესაც დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. 17 წლის იყო, როდესაც „დინამო“ თბილისის პირველ გუნდში მოხვდა, სადაც 7 წელი თამაშობდა; შემდეგ იყო მაკედონიის „ვარდარი“, მოგვიანებით − საფრანგეთის „გრენობლი“, რომლის შემდეგაც ბათუმის „დინამოს“ შემოუერთდა. მიაჩნია, რომ მოხვდა იმ გუნდში, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს და რომლებთან ერთადაც არაერთი წარმატების მიღწევას აპირებს მომავალში. OK! ბათუმის სტუმარი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაურია. ვინ არის მისი საყვარელი ფეხბურთელი, როგორ და ვისთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს და რას ურჩევს ის მომავალ ფეხბურთელებს − გაეცანით უფრო ახლოს OK! ბათუმის ფურცლებიდან.
გზა ბათუმის „დინამომდე“…
ყველა ფეხბურთელს, ვინც იწყებს თამაშს, აქვს ამბიცია, ითამაშოს ევროპულ, ანუ მაღალ დონეზე. მეც არ ვიყავი განსხვავებული ბავშვი და მქონდა ოცნება, მეთამაშა საქართველოს ნაკრებში ევროპის საკლუბო დონეზე. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დამჭირდა თუნდაც იმისათვის, რომ მოვხვედრილიყავი საქართველოს ნაკრებში, მეთამაშა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი, შემდეგ კი საფრანგეთის დივიზიონში, სადაც გასულ წელს ვთამაშობდი. ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და პროფესიონალიზმისა, უპირველესად.

დიდი ხანი არ არის, რაც შემოუერთდით ბათუმის „დინამოს“. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ეს შენაძენი გუნდს?
როდესაც საფრანგეთის „გრენობლიდან“ წამოსვლა გადავწყვიტე, ვიყავი თავისუფალი აგენტი, ანუ არცერთ გუნდში არ ვირიცხებოდი. დამიკავშირდნენ ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები, შედგა მოლაპარაკება, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადმოვსულიყავი ამ დიდი გუნდში. ასე, კონკრეტულად ვერ გეტყვით, ჩემი მოსვლით რას მოვუტან ბათუმის „დინამოს“. ეს გამოჩნდება მოგვიანებით, სეზონის შემდეგ, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ − ჩემი მხრიდან მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ის გულშემატკივარი, რომელიც მოდის და ყოველ თამაშზე ავსებს სტადიონს, გავახარო, იმედები არ გავუცრუო. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რისთვისაც აქ მოვედი. რაც ბათუმის „დინამოს“ შემოვუერთდი, ჯერჯერობით 3 თამაში მოვასწარი მხოლოდ და 3 გოლი გავიტანე. ყველაფერი წინ არის და მე მჯერა ჩემი გუნდის წარმატებების.

რას ნიშნავს თქვენთვის, წარდგეთ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ?
სანამ ბათუმის „დინამოში“ გადმოვიდოდი, ამ გუნდის თამაშს თვალს ვადევნებდი. არა მარტო მე, არამედ მთელი საქართველო დიდი სიამოვნებით უყურებს სავსე ტრიბუნებს, თუ რამხელა ოვაციებით ხვდება გულშემატკივრობა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს და ეს არის ყველასთვის დიდი სტიმული. ვფიქრობ, ფეხბურთელებიდან, ვინც ახლა თამაშობს საქართველოში და მის გარეთ, ბევრ მათგანს სურს იყოს ამ გუნდის წევრი და ითამაშოს ამ ხალხის წინაშე. ასევე ვიყავი მეც, როცა დამიკავშირდნენ ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩემი იყო ის, რომ მეთამაშა ამდენი გულშემატკივრის წინაშე. სამწუხაროდ, დღეს არ არის საქართველოში ამის დიდი ფუფუნება, ნაკლებად დაიკვეხნიან სხვა გუნდები, რომ იმდენი გულშემატკივარი ჰყავთ, როგორც ეს ბათუმშია. ამით აუცილებლად უნდა ვიამაყოთ. ჩემთვის ამდენი გულშემატკივრის ხილვა არის ძალიან დიდი ემოცია − გადიხარ სტადიონზე და ამ დროს საკუთარ თავს ეუბნები, რომ არ გაქვს უფლება, იმედი არ გაუმართლო ამდენ გულშემატკივარს, რომლების სახეზეც ხედავ გამარჯვების ჟინს. როცა შედიხარ სტადიონზე, გაიხედები ტრიბუნისკენ და ერთი ადამიანის სახეს დაინახავ, მიხვდები, რომ ის მთელი სულით და გულით შენს გვერდითაა და უბრალოდ არ გაქვს უფლება, ბოლომდე არ დაიხარჯო. გულშემატკივარი არის ყველაზე დიდი მოტივაცია ფეხბურთელებისთვის, სულ სხვაა ითამაშო გულშემატკივრის გარეშე და რადიკალურად სხვაა ითამაშო სავსე ტრიბუნებით ირგვლივ. მით უმეტეს მათ წინაშე, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩერდებიან, გგულშემატკივრობენ, ბოლოდე იხარჯებიან, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მათ.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის, ბათუმში სტადიონის მშენებლობა?
ცუდია, რომ ხშირად არ შენდება ახალი სტადიონები საქართველოში, მაგრამ კარგია, რომ დაიწყო ასეთი უნიკალური სტადიონის მშენებლობა ბათუმში. ევროპაში, საფრანგეთშიც ვაჩვენე ბევრს და ემოციები ვერ დამალეს. ფრაგებმა, რომლებსაც სტადიონებით ვერ გააკვირვებთ, ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვუგზავნი, ამბობენ − ეს არის უმაღლესი დონეო. ფეხბურთის ის გულშემატკივრები, რომლებიც დღეს ბათუმში არიან, იმსახურებენ ჰქონდეთ ასეთი უნიკალური სტადიონი, რომელსაც ჩემი აზრით ყველა თამაშზე გაავსებს გულშემატკივარი და ეს იქნება ქართულ ფეხბურთში წინგადადგმული ნაბიჯი. ამ ქალაქს უდიდესი პოტენციალი აქვს ყველა მიმართულებით და ვისურვებდი, უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს.

გაიხსენეთ კონკრეტული გოლი ან მომენტი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
რამდენიმე ასეთი მომენტი მქონია, რომელსაც გამოვარჩევდი ჩემს კარიერაში, მაგრამ ქართველი ვარ და ვფიქრობ, ის თამაში არასოდეს დამავიწყდება, როცა ჩვენ ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ. ჩემი გადაცემით ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა და ერთით ნული დავამარცხეთ ესპანეთი. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში და მოგება იყო ჩემი მოტივაცია, ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება.

მისაბაძი ფეხბურთელი…
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ჰყავს თავისი კერპი ფეხბურთელი, საოცნებო გუნდი. მეც ასე ვიყავი, თუმცა ერთ ფეხბურთელზე არასდროს ვყოფილვარ „ჩაციკლული“. რამდენიმე კერპი მყავდა, მათ შორის − დევიდ ბექჰემი და სტივენ ჯერარდი. რაც შეეხება გუნდს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი „ლივერპულში“.

სიყვარულის ისტორია…
მარიამი. ერთ ჩვეულებრივ დღეს კაფე-ბარში გავიცანი. ვიცნობდი მის მეგობარს და ვთხოვე გაეცნო ჩემთვის. გამაცნო, დავუკავშირდი, მივწერე, შევხვდით და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია მარიამი. მისი დამსახურებაცაა მოწოდების სიმაღლეზე რომ ვარ დღეს, ძალიან მიწყობს ხელს, ყველაფერს აკეთებს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო ორიენტირებული.

ძნელია ფეხბურთელის მეუღლეობა?
კი, ძალიან ძნელია. ხანდახან ხუმრობს კიდეც, რა მინდოდა, რატომ გავყევი ფეხბურთელს ცოლადო. თავიდან კი ეუცნაურა რაღაცები, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სხვანაირად, და ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო. თუ გვინდა ყველა კარგად ვიყოთ, მაშინ ფეხბურთი უნდა ვითამაშო, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა. ბათუმის „დინამო“ ის გუნდია, სადაც ვთამაშობ დღეს და ის არის ჩემი მეორე სახლი. მე ბაზაზე, გუნდში, იმაზე მეტ დროს ვატარებ, ვიდრე შინ მეუღლესთან. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, უფლება არ მაქვს მეუღლესთან არ გავატარო, როცა ამდენ დროს ფეხბურთს ვუთმობ. მიყვარს მასთან ერთად ბუნებაში სეირნობა, კინოთეატრში სიარული. მარიამი ორსულადაა და ახლა ორმაგად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ − მინდა ყველა ჩემი თავისუფალი წუთი თუ საათი მას ეკუთვნოდეს.

რას ურჩევთ ბავშვებს, რომლებსაც სურთ ფეხბურთელები გახდნენ? რა თვისებები უნდა გქონდეს, რომ გახდე წარმატებული ფეხბურთელი?
ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვუთხრა პატარებს, რომ უნდა იყვნენ მშრომელები. არ უნდა უყურო სხვას, ის როგორ ვარჯიშობს, რას აკეთებს, არავის უნდა აყვე, არავის უნდა უსმინო. ეს შენს გონებაში უნდა გქონდეს, დაისახო მიზანი და იბრძოლო მის მისაღწევად. რა თქმა უნდა, ნიჭიც საჭიროა, ამ დროს უფრო დიდ შანსი გაქვს, მიაღწიო წარმატებას. ფეხბურთი შედგება ნიუანსებისგან. ერთი თუ მაინც გამოგაკლდა, წინ დაგხვდება. შრომით უნდა დაიმსახურო გამართლება და წარმატება. ხშირად გამიგონია, გაუმართლაო. მიმაჩნია, იმიტომ გაუმართლა, რომ დაიმსახურა თავისი შრომით და უფალმა აზიარა გამარჯვების სიხარულს.

რამდენიმე წლის შემდეგ…
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მოვედი ბათუმის „დინამოში“, რომ ამ გუნდში არის დიდი ამბიცია − მწვრთნელიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ ქალაქისთვის და გუნდისთვის. ჩვენი ამბიცია არის ის, რომ გავხდეთ ჩემპიონები და ვითამაშოთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ღმერთმა ქნას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იყოს, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობაც იქნება დიდი წარმატება გუნდისთვის და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ბათუმის „დინამოს“ აქვს იმის პოტენციალი, ითამაშოს ევროპის ლიგაზე. ზუსტად ამიტომ მოვედი აქ, რომ წარმატებებს მივაღწიო ამ გუნდთან ერთად.