საშინაო შეხვედრა გამართეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერებმა. ბათუმის “დინამომ” ანგისას ბაზაზე “ლოკომოტივი” მიიღო და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე დაპირისპირება მოიგეს. მასპინძლებმა ანგარიში მატჩის 36-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს. ეს იყო ერთადერთი გოლი რომელიც პირველ ტაიმში გავიდა, მიუხედავად იმის, რომ ბათუმელებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ.
დაპირისპირების მეორე ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ მეორე გატანილ გოლში გამოიხატა. მე-60 წუთზე ორამდე დინამოს უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა. ეს გოლი ბრაზილიელი შემტევისთვის რიგით მეთორმეტე გამოდგა. ამ მაჩვენებლით ფლამარიონმა ბომბარდირთა დავაში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. სტუმრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს ისიც ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატალი ავტოგოლის წყალობით.
ამ დროისთვის ბათუმის “დინამოს” 27 შეხვედრის შემდეგ 55 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. თბილისის “დინამო” 25 მატჩში 51 დაგროვილი ქულით მეორეა, ხოლო მოქმედ ჩემპიონ “საბურთალოს” ასევე 25 შეხვედრიდან 50 ქულა აქვს.
